ჰუალინგი. ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი

საქართველოს სპორტის ისტორიაში პირველად, ევროპის რიგით მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ თბილისში ჩატარდა.  ოლიმპიური სოფელი  „ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ განთავსდა. ჰუალინგ ჯგუფმა, საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიასთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კომპლექსის მშენებლობა 2015 წლის  მარტში დაასრულა და იგი მოიცავდა: 3800 სპორტსმენის საცხოვრებელ 9 კორპუსს, 2000 ადამიანზე გათვლილ რესტორანს, ფიტნესცენტრს, 5-ვარსკვლავიან სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისს” , 85 მსუბუქ ავტომობილზე და 65 ავტობუსზე გათვლილ პარკინგის ზონას. სასტუმროში განთავსებული იყო ასევე ოლიმპიური ფესტივალის მთავარი საინფორმაციო ცენტრი. “ჰუალინგ ჯგუფის” მხრიდან ინვესტიცია განხორციელდა  ოლიმპიური სოფლის ობიექტების მოწყობა–აღჭურვისათვის.

2015 წლის 20 ივლისს, ოლიმპიური სოფელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  გახსნა და სოფლის მერად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი დაასახელა.

ოლიმპიური სოფლის გახსნაზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტს  მი ენხუას განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციისათვის და   ობიექტის დროულად და ხარისხიანად დასრულებისათვის მადლობა გადაუხადა.

„ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ განთავსებული ოლიმპიური სოფლის ინფრასტრუქტურამ  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის  მხრიდან  მაღალი შეფასება დაიმსახურა.