ოლიმპიური სოფლის გახსნა

„თბილისი 2015“ ახალგაზრდული  ოლიმპიური სოფლის გახსნა „ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“

გუშინ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ” თბილისი 2015″ ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გახსნა. “ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში” განთავსებული ოლიმპიური სოფელი მოიცავს: 3800 სპორტსმენის საცხოვრებელ 9 კორპუსს, 2000 ადამიანზე გათვლილ რესტორანს, ფიტნესცენტრს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” , 85 მსუბუქ ავტომობილზე და 65 ავტობუსზე გათვლილ პარკინგის ზონას. სასტუმროში განთავსებულია ასევე ოლიმპიური ფესტივალის მთავარი საინფორმაციო ცენტრი. “ჰუალინგ ჯგუფის” მხრიდან ინვესტიცია განხორციელდა ასევე ოლიმპიური სოფლის ობიექტების მოწყობა–აღჭურვისათვის.

კომპანიამ 9 საცხოვრებელი კორპუსის 534 ბინა სრულად უზრუნველყო სასტუმროს საჭირო მოხმარების საგნებით, კორპუსებში არსებული 49 ქვეყნის გუნდების ხელმძღვანელების ოფისები – საოფისე ავეჯით, ხოლო პოლიკლინიკა – სამედიცინო აპარატურით და ინვენტარით. ოლიმპიურ სოფელში “ჰუალინგ ჯგუფის” მიერ გამართული და აღჭურვილი რესტორანი და სარეკრეაციო ზონა ასევე მოემსახურება სპორტსმენებს. აქ განთავსებული ფიტნესცენტრი შიდა საცურაო აუზით და სავარჯიშო დარბაზით, ყველანაირ პირობას შესთავაზებს შეჯიბრებიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს განტვირთვისათვის. ოლიმპიური სოფლის შიდა ეზო და სარეკრეაციო ტერიტორია გამწვანებულია. ქვით მოკირწყლული ბილიკები, ეზოს ცენტრში, შადრევანთან ერთიანდება. ამასთანავე, “ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში” საგზაო ინფრასტურქტურაც დასრულებულია. ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე ახლად გაყვანილი ვაზისუბანი–ვარკეთილის, ვაზისუბანი-თბილისის ზღვის შემაერთებელი გზები, ქალაქი მასშტაბით სპორტსმენების ოლიმპიური ფესტივალის სხვა სპორტულ ობიექტებთან ტრასპორტირებას გაამარტივებს. “ჰუალინგ ჯგუფმა” დასრულებული ოლიმპიური სოფელი თბილისის მერიას უსასყიდლოდ გადასცა და კომპლექსის მართვას მთლიანად “თბილისი 2015” საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს. გუშინვე, “თბილისი 2015” ოლიმპიური სოფლის ხელმძღვანელად, ყოფილი ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი დასახელდა.

ოლიმპიური სოფლის გახსნაზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰუალინგ ჯგუფის პრეზიდენტ ბატინ მი ენხუას განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციისათვის და   ობიექტის დროულად და ხარისხიანად დასრულებისათვის.