ცემენტის მწარმოებელი ქარხანა ქ. სენაკში

„ჰუალინგ ჯგუფის“ კიდევ ერთი ახალი პროეტი – ცემენტის მწარმოებელი ქარხანა ქ. სენაკში
25 ივნისს სენაკში ცემენტის მწარმოებელი ახალი ქარხნის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
შპს. „შავი ზღვის ცემენტი“ სულ მალე საქართველოში წლიურად 3500 ტ. კლინკერის ცემენტის წარმოებას დაიწყებს, რაც სრულიად დააკმაყოფილებს საქართველოს ბაზრის მოთხოვნილებას, გარდა ამისა მოხდება ცემენტის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებშიც.
„ჰუალინგ ჯგუფი“, „აზიურ-აფრიკული ბიზნეს მენეჯმენტის კომპანია“ და „ქართული სამშენებლო მასალების კომპანია“ აღნიშნულ პროექტში 120 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. მოხდება დაახლოებით 500 ადამიანის დასაქმება. ქარხანა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, საწარმოო პროცესში ზედმიწევნით იქნება დაცული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები. ქარხანაში დამონტაჟებული ულტრათანამედროვე ფილტრებისა და ხმაურის ჩამხშობი დანადგარების მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება პროექტის ეკოლოგიურობა და მოსახლეობის დაცვა საწარმოო ხმაურისაგან.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ინვესტორებს და ადგილობრივ მოსახლეობას მიულოცა პროექტის დაწყება და აღნიშნა, რომ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში წარმოწყებული ეს ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის და ასევე ჩინეთსა და საქართველოს წარმატებული პარტნიორობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.